English / ქართული / русский /
მარინე ცუცქირიძე
მიკროეკონომიკური სისტემების განვითარებისა და უსაფრთხოების პრობლემები საქართველოში

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია მიკროსისტემების განვითარებისა და მისი უსაფრთხოების დაცვის საკითხები საქართველოში საბაზრო ურთიერთობების პრობლემებთან მიმარ­თე­ბით, გადმოცემულია  ბიზნესის მიკროსისტემების საშუალებით მიკროსამეურნეო პროცენტების წარმართვის მიზნით თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების პრობლემები, რაც ეფექტიანი საწარმოო და მომსახურების ობიექტების ფუნქციონირების ერთ-ერთ  მთავარ საფუძველს წარმოადგენს და ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა თანამედროვე პირობებში.

საკვანძო სიტყვები: მიკროეკონომიკა, ბიზნესი, სისტემა, უსაფრთხოება, განვითარება. 

შესავალი

საბაზრო ურთიერთობების განვითარებისა და ევროინტეგრაციის ერთ-ერთ ძირითად პირობას საქართველოში მისი მიკროეკონომიკური სისტემების პერსპექტივა და ეკონომიკური უსაფრთხოება წარმოადგენს. მთავარი ელემენტებია მიკროსაწარმოო და მომსახურების ობიექტები, რომელთა განვითარება ძირეულად უკავშირდება ბიზნესის სისტემაში არსებული მცირე სამრეწველო და სოციალური ორგანიზაციების ინოვაციურ გარდაქმნას.

პანდემიისა და ომებით გამოწვეული შეფერხებები ეკონომიკური სისტემების განვითარების პროცესის ძირითად უარყოფით შედეგს წარმოადგენს თანამედროვე ვითარებაში, რომელიც აისახება მიკროეკონომიკისა და ბიზნესის შემოსავლების ზრდის ტემპების შედარებით გაუარესებით. მისი დაძლევა საქართველოს ეკონომიკაში ძირეულად უკავშირდება მიკროსაწარმოო მომსახურების სისტემის არსებობისა და მათი უსაფრთხოების დაცვის პრობლემათა გადაწყვეტას.

ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აქტუალურია მიკროეკო­ნომიკის ისეთი სტრუქტურისა და დარგების საქმიანობის გაფართოება, რომლებიც განაპირობებენ საქართველოს მიკროეკონომიკური სისტემის, მასთან დაკავშირებული მცირე ბიზნესისა და მეწარმეობის განვითარებას, პანდემიისა და ომებით გამოწვეული უარყოფითი ეკონომიკური და სოციალური შედეგების დაძლევას თანამედროვე ვითარებაში, ასევე აღნიშნულ სფეროებში დასაქმებისა და ინტეგრაციული პროცესების წარმართვას რაციონალური და ეფექტიანი მეთოდების, თანამედროვე  ინფორმაციული და საკომუნიკაციო ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით.

თანამედროვე ვითარებაში ეკონომიკური და სოციალური გარდაქმნების წარმატებით განხორციელების ერთ-ერთ ძირითად წინაპირობას საქართველოში მიკროეკონო­მიკური სისტემების განვითარება წარმოადგენს, იგი მნიშვნელოვან და აქტიურ როლს ასრულებს პანდემიურ  და სხვა მიზეზით გამოწვეულ საშიშროებათა დაძლევაში; საქართველოს ეკონომიკის, მისი დარგებისა და ბიზნესის ობიექტების უსაფრთხოების დაცვაში, რაც ევროინტეგრაციული ურთიერთკავშირების განმტკიცებისა და საბაზრო ურთიერთობების  განვითარების ინოვაციური ტექნოლოგიებისა და საშუალების განვითარებისათვის საჭირო საფუძველს წარმოადგენს. 

ძირითადი ნაწილი

მიკროეკონომიკური განვითარება და მისი უსაფრთხოების პრობლემა საქართველოში ძირითადად დაკავშირებულია საბაზრო ურთიერთობის გაფართოებისა და ინოვაციური ეკონომიკის ჩამოყალიბების პროცესის მოთხოვნებთან. იგი განპირობებულია ომისა და პანდემიის წარმოშობის მიზეზებით და მიზნად ისახავს ეკონომიკის განვითარების პროცესში წარმოქმნილი უარყოფითი შედეგების დაძლევას მიკროეკონომიკური სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესების გზით  ან ახალი მიკროსაწარმოო სისტემის ფორმირებას საბაზრო ურთიერთკავშირების დამყარების მიზნით.

მიკროეკონომიკური განვითარება საქართველოში ძირითადად უკავშირდება მიკრო­საწარმოო სისტემების ჩამოყალიბებას და მეორე მიმართულებით  პანდემიისა და ზოგიერთი პოზიციების განმტკიცებისათვის საჭირო მედიკამენტებისა და თავდაცვის საშუალებათა წარმოებისათვის აუცილებელი მიკროსამრეწველო სისტემის წარმოქმნას.

მიკროსამრეწველო სისტემის ახალი საწარმოო ობიექტების, მცირე ფირმების ჩამოყალიბება და არსებულის ფუნქციონირება წარმოადგენს პანდემიასთან ბრძოლისა და მისი შედეგების დაძლევისათვის სამკურნალო საშუალებათა წარმოების ძირითად საშუალებას და საბაზრო ურთიერთკავშირების დასამყარებლად საჭირო ღონისძიებას. იგი მოიცავს აგრეთვე მცირე სატრანსპორტო და სამშენებლო ობიექტების შექმნას და ამით დაზარალებულთა გადაადგილებისა და ლტოლვილთა უზრუნველყოფის საშუალებათა მოქმედებაში მოყვანას,  ამ პროცესების რაციონალურად წარმარ­თვის­ა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის  განმტკიცებისათვის აუცილებელ საშუალებას (მ. ცუ­ც­ქი­რიძე. საერთაშორისო გამოცდილების ეკონომიკური მდგრადობის თეორიული მეთოდი. გვ.114-130. XV ტომი. 2022).

აღნიშნული მიკროეკონომიკური სისტემის აქტიურ ელემენტებს წარმოადგენს მეწარმეობის სფეროში მომუშავე მცირე სამეწარმეო ობიექტები და მცირე ბიზნესის საწარმოები. მათ შორის განსაკუთრებით აქტიურ როლს ასრულებს ევროინტეგრაციული ურთიერთკავშირების დამყარების პროცესში მიკროსამეწარმეო სისტემა და მცირე ბიზნესის საწარმოები, რომელთა საფუძველზე შეიძლება განვითარდეს ინოვაციური  ეკონომიკა. ევროინტეგრაციული კავშირების ჩამოყალიბებაში თანამედროვე სამეწარმეო სისტემის ის დარგებია მნიშვნელოვანი, რომლებიც ინოვაციური ტექნიკისა და ტექნოლოგიების საშუალებით აწარმოებენ პრო­დუქტებსა და ინოვაციურ ტექნიკას ევროსაბაზრო პროცესებში მონაწილეობისათვის. ასეთს წარმოადგენს ინდივიდუალური და კოლექტიური მეწარმეობის მცირე საწარმოო სისტემები და მათი გაერთიანებით მიღებული მიკროსამეწარმეო ობიექტები, როგორც ძირითადი საწარმოები პანდემიების დასაძლევად საჭირო პროდუქციისა და სამედიცინო ტექნიკის დასამზადებლად, ასევე მიკროსამშენებლო ობიექტები ლტოლვილთა დასახმარებლად. ევროინტეგრაციული საბაზრო გარდაქმნის პროცესში ერთ-ერთ ძირი­თად სამეურნეო საქმიანობის საშუალებას წარმოადგენს მცირე ბიზნესის საწარმოს წარმოქმნა და კოოპერირება ძირითადი საქმიანობის სტრატეგიული მიზნების მიხედვით.

ამრიგად, მიკროეკონომიკური განვითარების პროცესი საქართველოში მიმდინარეობს სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკისა და პანდემიური სიტუაციების ვითარებაში, რომელიც განაპირობებს მიკროსაწარმოო სისტემების მოწესრიგებისა და მცირე ბიზნესის საწარმოო და მომსახურების ობიექტების წარმოქმნის აუცილებლობას, იგი  საჭიროებს მცირე მეწარმეობისა და ბიზნესის საქმიანობის ისეთი სფეროების გაფართოებას, რომელიც დაეხმარება ევროინტეგრაციული და საერთაშორისო საბაზრო ურთიერთობის მოწესრიგებას, მისი მმართველობითი სისტემის უზრუნველყოფას.

მიკროეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ წინაპირობას მისი უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბება წარმოადგენს. ეკონომიკური უსაფრთხოება, რომელსაც საბაზრო უსაფრთხოე­ბასთან ერთად, ევროინტეგრაციული ურთიერთობების დასამ­ყარებლადაა აუცილებელი, ძირითადად უკავშირდება მცირე ბიზნესისა და მისი საწარმოო და მომსახურების ფირმათა კოოპერირებას და ამით მიკროსისტემების ფუნქციონირებისათვის უსაფრთხო გარემოს წარმოქმნას.

მიკროეკონომიკურ სისტემათა განვითარებისა და უსაფრთხოების მიღწევა მიკრო­ეკონომიკის განვითარების პროცესში შესაძლებელია მცირე საწარმოთა ბიზნესგა­რემოს, საწარმოო და საბაზრო გარემოს გაფართოებით. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბება, რომლის ძირითადი ელემენტებია: 1. მიკროსაწარმოო ობიექტების ტექნოლოგიური უსაფრთხოება, 2. საწარმოო და მომსახურების პროცესების სამეცნიერო და ტექნიკური საშუალებების განვითარება ინოვაციური ბიზნესის საშუალებით, 3. ბიზნესის სისტემის საწარმოებისათვის სატრანსპორტო გარემოს სრულყოფა, 4. მცირე ბიზნესისა და მეწარმეობის სხვა მიკროსისტემებთან ინტეგრაციის მიზნით ინფორმაციული და საკომუნიკაციო სისტემების, როგორც ევროსაბაზრო ურთიერთობებთან დამაკავშირებელი საშუალების, შემუშავება. აღნიშნული და სხვა ელემენტების საფუძველზე უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბება თანამედროვე მიკროსაწარმოო და მომსახურების დარგების განვითარებისათვის ძირითად საშუალებას წარმოადგენს. იგი განაპირობებს: 1. მიკრო­ეკონომიკური განვითარებისათვის საქართველოში არსებულ შესაძლებლობათა ეფექ­ტიანად გამოყენებას; 2. ამ პროცესის რაციონალური მეთოდებით წარმართვას; 3. მიკროსამეწარმეო და მცირე ბიზნესის საწარმოთა ახალი ინოვაციური საშუალებებით ჩამოყალიბებას და მათი ფუნქციონირებისათვის სამეცნიერო და ტექნოლოგიური საფუძვლების ჩამოყალიბებას. იგი როგორც ევროინტეგრაციაში მონაწილეობის, ასევე  საერთაშორისო საბაზრო ურთიერთკავ­შირების წარმოქმნისა და არსებულის გაუმჯობესების ერთ-ერთ ძირითად საშუალებას წარმოადგენს. 

დასკვნა

მიკროეკონომიკური განვითარებისა და მისი უსაფრთხოების პრობლემის გადაწყვეტა საქართველოში დაკავშირებულია სახელმწიფოს ინოვაციური პოლიტიკის და მასთან დაკავშირებული მიკროსამრეწველო და მცირე ბიზნესის საწარმოთა ჩამოყალიბების აუცილებლობასთან, ასევე მიკროეკონომიკური სისტემისათვის უსაფრთხო სამეწარმეო, ფინანსური და საბაზრო გარემოს წარმოქმნასთან. ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს ეკონომიკისა და სოციალური  განვითარების წინაპირობებს შორის მთავარ მიმართულებას წარმოადგენს მცირე ბიზნესისა და ევრომეწარმეობის ეფექტიანი ფუნქციონირება, მისი შედეგების წარმართვა საბაზრო ურთიერთკავშირების განვითარებისა და პანდემიის დაძლევის მიზნისკენ.

ინოვაციური ბიზნესისა და მეწარმეობის საშუალებით შესაძლებელია მიკროეკონომიკური განვითარების ტემპების გადიდება და შიდასაბაზრო ურთიერთობების სრულყოფა, რაც პანდემიისა და ომის შედეგებთან დასაძლევად საჭირო წინაპირობას წარმოადგენს.

აღნიშნული მიმართულებებით დასახულ ღონისძიებათა განხორციელება მიკრო­ეკონომიკური პოლიტიკის გატარებისათვის ერთ-ერთი აუცილებელი საშუალებაა. მისი განხორციელება თანამედროვე საქართველოს ეკონომიკის განვითარების, მისი ევროინტეგრაციაში გაერთიანებისა და სოციალური დაცვის ერთ-ერთ ძირითად საშუალებას წარმოადგენს. 

გამოყენებული ლიტერატურა

1. რამაზ აბესაძე, ალტერნატიული ენერგეტიკა, სამეცნიერო შრომების კრებული, ტომი XI, თსუ, პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბილისი, 2019.

2.  გ. მენქიუ, ეკონომიკის  პრინციპები, თბილისი,   დიოგენე,  2000.

3. გიორგი ბერულავა, მარინე ცუცქირიძე, ბიზნესის ინოვაციური განვითარების შესაძლებლობა და პერსპექტივები საქართველოში, სამეცნიერო შრომების კრებული, ტომი XIV, თსუ, პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბილისი,  2022.